დედამიწის მაგნიტური ველი და ადამიანი

ზ.კერესელიძე, ზ.არზიანი

საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პრობლემა, თუ როგორ მოქმედებენ ცოცხალ ორგანიზმებზე ბუნებრივი ფაქტორები, რომელთა შორისაც რადიაციული გამოსხივების გარდა, უმნიშვნელოვანესია დედამიწის მაგნიტური ველი (გეომაგნიტური ველი).

იმ დროს, როდესაც რადიაციის ზემოქმედების ეფექტები ნებისმიერ ცოცხალ არსებაზე საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, მაგნიტური ველების, კერძოდ კი გეომაგნიტური ველის ცოცხალ უჯრედზე მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მრავალ საიდუმლოს  შეიცავს. საერთოდ, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ კითხვა: მოქმედებს თუ არა გეომაგნიტური ველი ადამიანის ჯანმრთელობაზე, დღეს ისევე აქტუალურია, როგორც, ვთქვათ ეს იყო საუკუნის გარიჟრაჟზე. რუსმა მეცნიერმა ალექსანდრე ჩიჟევსკიმ პირველმა მიაქცია ყურადღება ამ პრობლემას. ჩიჟევსკი სპეციალობით მედიკოსი იყო და ბევრი სხვა მისი კოლეგის მსგავსად მნიშვნელობას ანიჭებდა ბუნებრივი ფაქტორების ეფექტს დაავადებული გულის მქონე ადამიანებში. მანამდეც კარგად იყო ცნობილი, რომ ისეთი სამკურნალო ადგილები, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდნენ ადამიანებზე თერაპიული ეფექტით, თუმცა ზოგჯერ უარყოფით ზემოქმედებასაც იწვევდნენ. მაგალითად, საყოველთაოდ გავრცელებული იყო ტუპერკულიოზით დაავადებული ადამიანების მკურნალობა მშრალი, ზომიერი კლიმატის მქონე ადგილებში. მაგრამ  თუ ეს ადგილი მაღალმთიანი იყო (მაგალითად, აბასთუმანის მსგავსი), ბარში მაცხოვრებელ ავადმყოფებს სუნთქვის  პრობლემის გაუმჯობესებასთან ერთად უჩნდებოდათ გულის უკმარისობის უარყოფითი ეფექტი. ბუნებრივია, ეს დაკავშირებული იყო ატმოსფერული წნევის ცვლილებასთან. ეს მოვლენა განსაკუთრებით საგრძნობი იყო მაგნიტური ქარიშხლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. თავის მხრივ, მაგნიტური ქარიშხლები უკავშირდებოდა მზიის აალებებს. ამ გარემოებების სინთეზის შედეგად ჩამოყალიბდა ჩიჟევსკის  ცნობილი ჰიპოთეზა. ბუნებრივია, რომ ამ ჰიპოთეზას ბევრი მომხრე გამოუჩნდა, პირველ რიგში  რუსეთში. იქ დღემდე ეს თემა იზიდავს როგორც საკმაოდ კვალიფიციურ მეცნიერებს ფიზიკოსთა და მედიკოსთა შორის, ასევე მრავალრიცხოვან დილეტანტებს, რომელთა შორის არიან უბრალო თაღლითებიც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის აქტუალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ჩნდება ისეთი მოსაზრებებიც, რომლებშიც ფანტასტიკის ელემენტების აღმოჩენაც კი არის შესაძლებელი.

დღეს ყველასათვის ცნობილია, რომ დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვას, არსებობასა და განვითარებას განსაზღვრავენ კოსმიური ფაქტორები. ჩვენს პლანეტაზე და მის შიგნით მიმდინარე ყველა ფიზიკური და ბიოქიმიური პროცესების მთავარი მიზეზია მზე, რომლის ზემოქმედებასაც ცოცხალ ორგანიზმებზე შემდეგი აგენტი განაპირობებს: მზის სითბური ნაკადი, რადიოაქტიური გამოსხივება და მზის აქტივობა. მაგრამ, აქვე უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ კაცობრიობის ევოლუცია მოხდა ბუნებრივი ელექტრული, მაგნიტური და გრავიტაციული ველების გარემოში, რომელთა გავლენის გამორიცხვაც ცოცხალ არსებებზე არასწორი იქნებოდა. მზის მოქმედების პირველი ორი ფაქტორი თანამედროვე მეცნიერებას კარგად აქვს შესწავლილი, მაგრამ მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების გარდა, რომელთაც სითბური ნაკადი და რადიოაქტიური გამოსხივება მიეკუთვნება,  არსებობს დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური  ტალღებიც.  სწორედ ისინი უკავშირდებიან მზის აქტივობას, რომელიც, სხვა პარამეტრებთან ერთად, ვლინდება გეომაგნიტური ველის  მრავალფეროვან ცვლილებებში.

ამრიგად, ცოცხალი უჯრედის გენომი, რომელსაც უკავშირებენ ბიოლოგიურ საათს, ჩამოყალიბდა უწყვეტი რადიაციული და ელექტრომაგნიტური ზემოქმედების პირობებში. ამიტომ,  მეცნიერების მიერ დადგენილი ზოგიერთი ფაქტი, მაგალითად, ცოცხალი ორგანიზმების დაბერების პროცესის დაჩქარება ხისტი ელექტრომაგნიტური გამოსხივების გადიდებული დოზების პირობებში, ან მათი  ზრდის სტიმულაცია სუსტი რადიაციული ზემოქმედებისას, სრულიად ბუნებრივად აღიქმება. მაგრამ,  ისიც კარგად არის ცნობილი, რომ  ბიოსფერულ რადიაციულ ფონს  ახასიათებს არსებითი ცვლილებანი ბუნებრივი ელექტრული და  მაგნიტური ველების ზეგავლენით, რაც ვლინდება მოდულაციურ ეფექტში. ეს კი ნიშნავს, რომ ბუნებრივი ელექტრომაგნიტური ველების გამორიცხვა უმნიშვნელოვანესი ევოლუციური ფაქტორების რიგიდან სრულიად დაუშვებელია. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ბიოლოგიურ ობიექტებზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ აგრეთვე უწყვეტი მოქმედების გეოფიზიკური ფაქტორებიც: გარემოს ტემპერატურა, მისი ქიმიური შემადგენლობა, ატმოსფერული  წნევა და ტენიანობა, რომელთა გავლენაც ადამიანის სიცოცხლისუნარიანობაზე საკმაოდ კარგად არის შესწავლილი.

დედამიწის მაგნიტურ ველს ახასიათებს რეგულარული და არარეგულარული ცვლილებები, ე.წ. შეშფოთებები, რომლებთანაც, როგორც სჩანს, დაკავშირებულია გეომაგნიტური ველის სასიცოცხლო პროცესებზე  ზეგავლენის უნარი. ეს ცვლილებები განპირობებულია როგორც მზის  აქტივობითა და სხვა კოსმიური ფაქტორებით, ასევე  დედამიწის მაგნიტური გარსის, მაგნიტოსფეროს აგებულების თავისებურებებითა და მის შიგნით მიმდინარე ფიზიკური პროცესების ხასიათით. ამიტომ უპრიანია, მოკლედ გავეცნოთ მაგნიტოსფეროს სტრუქტურას და გეომაგნიტური ველის შეშფოთებების ტიპებს.

მზის სისტემის პლანეტების ნაწილს, მათ შორის დედამიწას, გააჩნია საკუთარი მაგნიტური ველი, რომლის არსებობაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენს პლანეტაზე ორგანული მატერიის განვითარებისათვის.  გეომაგნიტური ველი ორპოლუსიანია, ანუ  დიპოლური, რომლის მაგნიტური ღერძი, უხეშ მიახლოებაში, შეიძლება დავამთხვიოთ მისი ბრუნვის ღერძს.  გეომაგნიტური ველის დაძაბულობის სიდიდე გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე, მაგალითად, მზის ან იუპიტერის მაგნიტური ველების, თუმცა მისი ინტენსივობა საკმარისი აღმოჩნდა კოსმოსური სივრცისაგან მომავალი დამღუპველი რადიაციული გამოსხივების ეკრანირებისათვის. გეომაგნიტური ველის დაძაბულობის მახასიათებელი სიდიდე დაახლოებით 0,5 გაუსია, თუმცა მიღებულია დაძაბულობის ვექტორის მდგენელების შეფასება ერთი მეასიათასედი გაუსის, ე.წ. გამას საშუალებით, რომელიც ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (CI) სიდიდით ემთხვევა  ნანო  ტესლას. ის, რომ დედამიწის მაგნიტური ველი დიპოლური სტრუქტურისაა, მეცნიერებისათვის  ცნობილი იყო მე-19 საუკუნის  დასაწყისიდან,   როდესაც გენიალურმა გერმანელმა ფიზიკოსმა გაუსმა ჩამოაყალიბა  გეომაგნიტური ველის მათემატიკური თეორია. შეუფასებელია ამ თეორიის მნიშვნელობა და მისი, ასე ვთქვათ, პრინციპიალური  სიზუსტე, რაც სრულად დადასტურდა კოსმოსურ ეპოქაში. საქმე იმაშია, რომ დედამიწის მაგნიტური ველის დიპოლური სტრუქტურა რეალობაში შეცვლილი აღმოჩნდა მზის ზედაპირული ფენიდან მომავალი  მეტად გაიშვიათებული პლაზმური ნაკადის, ე.წ. მზის ქარის,  არსებობის გამო. საპლანეტათაშორისო სივრცე რომ ამ ნაკადით არ იყოს შევსებული, დედამიწის მაგნიტური ველის სტრუქტურა მართლაც დიპოლური იქნებოდა. ასეთ სტრუქტურას ახასიათებს გარკვეული სიმეტრია ეკვატორულ და მერიდიანულ კვეთებში. ამიტომ, დიპოლის შემთხვევაში გეომაგნიტური ველის ძალწირებს ექნებოდათ იდენტური ტოპოლოგია როგორც მზისკენ, ასევე მისი საწინაღმდეგო მიმართულებით. კოსმოსურმა აპარატებმა კი აჩვენეს, რომ გეომაგნიტური ველისატვის დიპოლური სტრუქტურა დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეულ მანძილებზე. სინამდვილეში გეომაგნირური ველი ჰგავს გიგანტურ ხოჭოს, რომლის თავი, ანუ დღის მხარე, მზისკენ არის მიმართული, ხოლო კუდი, ანუ ღამის მხარე, მზის საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ კოსმოსურ სივრცეში დიპოლური ველი შეზღუდული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მაგნიტოსფეროს ზომები, დედამიწასთან შედარებით, გიგანტურია. კერძოდ,  დღის მხარის ხაზოვანი მასშტაბი დაახლოებით დედამიწის 15 რადიუსია (დაახლოებით 6400 კმ), ანუ დაახლოებით ასი ათასი კმ, ხოლო ღამის  მხარის მახასიათებელი ზომაა ორი მილიონი კმ. მნიშვნელოვანია, რომ მაგნიტოსფეროს საოცრად არაერთგვაროვანი, რთული სტრუქტურული აგებულება აქვს. ის  შედგება რამოდენიმე  შრისაგან, რომელთაგანაც დედამიწისათვის უახლოესია ყველასათვის კარგად ცნობილი ატმოსფერო. შემდეგ მოდის იონოსფერო, ე.წ. დედამიწის ელექტრონული გარსი, მის ზემოთ, თითქმის მაგნიტოსფეროს საზღვრამდე, სივრცეს ეწოდება პლაზმოსფერო, რომელის წარმოადგენს გეომაგნიტური ველის მიერ დაჭერილი კოსმოსური პლაზმის რეზერვუარს. ამ ძირითადი შრეების გარდა, მაგნიტოსფეროს შინაგანი სტრუქტურა შეიცავს ე.წ. რადიაციულ სარტყლებს, სხვადასხვა სასაზღვრო ფენებსა და  მაგნიტოსფეროს ღამის მხარეს განლაგებულ ე.წ. ნეიტრალურ ფენს, რომელსაც აგრეთვე უწოდებენ მაგნიტოსფეროს კუდს.  ასეთი რთული სტრუქტურული აგებულების მქონე სისტემა ძალზედ ფაქიზად რეაგირებს მზეზე და კოსმოსურ სივრცეში მიმდინარე პროცესებზე.

მიღებულია, რომ დედამიწის მაგნიტური ველი წარმოადგენს ცვლადი და მუდმივი მდგენელების ჯამს, რომელთაგანაც პირველი განისაზღვრება  კოსმიური  ფაქტორებით, ხოლო მეორე შედარებით მყარია და დროში ნაკლებად ცვლადი,  რადგანაც მას განსაზღვრავს დედამიწის შინაგანი სტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ სწორედ პირველი მდგენელის ცვლილებებთან არიან დაკავშირებული გლობალური გეომაგნიტური ქარიშხლები და მათთან შედარებით უფრო ნაკლები ინტენსივობის მქონე მოკლე ვადიანი რეგულარული და ირეგულარული შეშფოთებები, ე.წ. გეომაგნიტური პულსაციები და ვარიაციები. რატომრაც ითვლება, რომ დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების მრავალრიცხოვან ტიპებს შორის მხოლოდ და მხოლოდ გლობალური, ანუ მსოფლიო მასშტაბის, მაგნიტური ქარიშხლები მოქმედებენ ცოცხალ არსებებზე და ადამიანებზე.  უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა  ფიზიკოსებისათვის არ არის ისეთივე ცხადი, როგორც ეს დღემდე ეჩვენება ზოგიერთ მედიკოსს. ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია  გაუთვითცნობიერებლობით მაგნიტოსფეროში მიმდინარე ფიზიკური პროცესების ბუნებაში და მათი  კოსმოსურ ფაქტორებთან, პირველ რიგში მზესთან კავშირში. მაგალითად,  გეომაგნიტური ქარიშხლები არ არიან დაკავშირებულნი არც მზის სითბურ გამოსხივებასთან და  არც კოსმოსურ რადიაციასთან, ანუ სითბურ ტალღებთან შედარებით კიდევ უფრო  მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებთან. რეალურად, გლობალური გეომაგნიტური ქარიშხლები, მათტან შედარებით უფრო მცირე ინტენსივობის მქონე პულსაციებისა და ვარიაციების მსგავსად, მზის აქტივობის შიდა მაგნიტოსფერულ პროცესებზე გავლენის შედეგია.

გეომაგნიტური  ველის ფორმირებაში მონაწილეობენ  ე.წ. მუდმივი და ცვლადი მდგენელების. ასეთი დაყოფა, გარკვეულწილად,  პირობითია. პირველ მდგენელს, ანუ მთავარ გეომაგნიტურ ველს, ახასიათებს მხოლოდ განსაკუთრებით გრძელპერიოდიანი, ე.წ. საუკუნეობრივი ცვლილებები, რომელთა ამპლიტუდა შეიძლება 10 ნანო ტესლას რიგისაც კი იყოს. გეომაგნიტური ველის ცვლადი მდგენელი განიცდის გაცილებით უფრო სწრაფ ცვლილებებს, რომელთა ამპლიტუდაც 0,1-10 ნტლ დიაპაზონშია, ხოლო  პერიოდი  შეიძლება იყოს წამის ნაწილებიდან დღე-ღამემდე.

ცვლადი გეომაგნიტური ველის (გეომაგნიტური ველის ცვლადი მდგენელი) ყველაზე გრძელპერიოდიანი ცვლილებების მახასიათებელი სიხშირეებია ერთი მეათიათასედიდან  ერთ მეასიათასამდე ჰერცი (ჰერცი უდრის ერთ რხევას ერთ წამში). ასეთი ფლუქტუაციები შეიძლება იყოს როგორც რეგულარული, ასევე ირეგულარული, ანუ სპონტანური ხასიათის მქონე. რეგულარული ფლუქტუაციების, ანუ, როგორც მათ უწოდებენ, გეომაგნიტური ვარიაციების, არსებობა დაკავშირებულია მზის გამოსხივების ულტრაიისფერი ნაწილის ზემოქმედებასთან დედამიწის რადიაციულ სარტყლებსა და იონოსფეროზე, რომელთაც ახასიათებთ დღე-ღამური ცვლილებანი. ამ ეფექტით გამოწვეულ გეომაგნიტურ ვარიაციებს ახასიათებთ მკვეთრი დამოკიდებულება განედის კოორდინატებზე, რის გამოც ადგილი აქვს წანაცვლებას მათ ფაზაში და ამპლიტუდის მახასიათებელი მნიშვნელობის ცვლილებას. დღეღამური გეომაგნიტური ვარიაციები განიცდიან აგრეთვე  დღეღამურ სეზონურ და წლიურ ცვლილებებს მზის აქტივობის პერიოდულ ციკლებში, რომელთა შორის მინიმალურის ხანგრძლივობა დაახლოებით 11 წელიწადია. ვარიაციების დღეღამური სვლის ამპლიტუდების მნიშვნელობათა სხვაობამ საშუალო და  დაბალ განედებზე (მაგალითად, საქართველოს რეგიონისათვის) გეომაგნიტური ველის  ჰორიზონტალურ კომპონენტში შეიძლება შეადგინოს 40-50 ნტლ. შეიძლება  მოხდეს  გეომაგნიტური ველის სხვადასხვა ფლუქტუაციების ზედდება რეგულარულ დღეღამურ ვარიაციებზე, რომელთა გამორიცხვაც ადვილად ხერხდება. როგორც წესი,  გეომაგნიტური ველის ასეთი შეშფოთებები ლოკალურ ხასიათს ატარებენ და დაიმზირებიან განსაზღვრულ განედურ სექტორებში  (მაგალითად, ე.წ. სუბქარიშხლები მაღალ განედებზე და ავრორარულ არეებში, აგრეთვე მათზე გაცილებით უფრო ინტენსიური მაღალგანედოვანი ლოკალური მაგნიტური ქარიშხლები). შედარებით უფრო იშვიათად აქვთ ადგილი გეომაგნიტური ველის მაღალინტენსიურ შეშფოთებებს,  გლობალურ გეომაგნიტურ ქარიშხლებს. მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით განასხვავებენ გეომაგნიტურ ქარიშხლებს უეცარი (SSC) ან თანდათანობითი დასაწყისით. პირველი ტიპის მაგნიტური ქარიშხლის შემთხვევაში გეომაგნიტური ველის დაძაბულობის ყველა მდგენელის  წყნარი სვლის ფონზე ადგილი აქვს უეცარ ნახტომს, რომელიც მსოფლიოს ყველა მაგნიტურ სადგურში ერთდროულად ფიქსირდება. მაგალითად, დუშეთის გეომაგნიტურ ობსერვატორიაში  ხშირად ნახტომის სიდიდე რამოდენიმე  ათეულ ნანო ტესლას აღწევს.  SSC ქარიშხლით გამოწვეული შეშფოთებების შედეგად ხდება გეომაგნიტური ველის ყველა კომპონენტის ცვლილება.

გლობალური გეომაგნიტური ქარიშხლები შეიცავენ განვითარების  რამოდენიმე ფაზას. საწყისი ფაზა განსაკუთრებით  კარგადაა გამოხატული SSC ქარიშხლებისათვის. ჩვეულებრივ, ეს ფაზა გრძელდება 1-3 საათს. ქარიშხლის მთავარი ფაზა გრძელდება 3-12 საათს  და ხასიათდება მაგნიტური ველის დეპრესიით, რომლის ამპლიტუდაც დაბალი განედებიდან მაღლი განედების მიმართულებით, განსაკუთრებით კი პოლარულ არეში, იზრდება. ქარიშხლის მესამე, აღდგენით ფაზაში გეომაგნიტური ველი მდოვრედ უბრუნდება მახასიათებელ ფონურ მნიშვნელობებს.

გლობალური გეომაგნიტური ქარიშხლების არსებობა დროში შემთხვევითი ხასიათისაა, რადგანაც მათი განმეორებადობა დაკავშირებულია მზეზე მიმდინარე სპონტანურ პროცესებთან. თუმცა, მაინც აღინიშნება გარკვეული ტენდეცია. კერძოდ, მზის აქტივობის 11 წლიანი ციკლის დასაწყისისათვის დამახასიათებელია რამდენიმე მაგნიტური ქარიშხალი წლის განმავლობაში.  გაზრდილი მაგნიტური აქტივობის წლებში ქარიშხლების რიცხვი წელიწადში 30-50 აღწევს. გარდა ამისა, გეომაგნიტურ ქარიშხლებს ახასიათებს აგრეთვე 27-დღიანი ციკლით განმეორებადობა, რაც დაკავშირებულია  მზის ბრუნვასთან საკუთარი ღერძის ირგვლივ.

გეომაგნიტური ველის პერიოდულ  ფლუქტუაციებს სიხშირეთა დიაპაზონში ერთი მეათასედიდან ათ ჰერცამდე გეომაგნიტური პულსაციები ეწოდება. ბუნებრივი ელექტრომაგნიტური გამოსხივებების სპექტრში გეომაგანიტურ პულსაციებს ყველაზე დაბალი  სიხშირეები შეესაბამება. აღმოჩნდა, რომ გეომაგნიტური პულსაციების სიხშირეთა დიაპაზონი არაერთგვაროვანია და მათ შიგნით ცხადად გამოიყოფა რამოდენიმე მახასიათებელი  სიხშირე. პულსაციების ამპლიტუდები  დამოკიდებულია მათ სიხშირეზე და იზრდება დაბალიდან მაღალი განედებისაკენ. მათი მნიშვნელობები ყველაზე გრძელპერიოდიანი რხევებისათვის დედამიწაზე  აღწევს 100 ნანო ტესლას ავრორარულ (პოლარულ)  არეებში. ეკვატორულ არეებში დამზერილი ყველაზე უფრო მოკლეპერიოდიანი პულსაციებისათვის ამპლიტუდა მცირდება ნანო ტესლის წილებამდე. ამპლიტუდების სიდიდის გარდა,  მათ გააჩნიათ სხვა განმასხვავებელი ნიშნებიც. ცნობილია გეომაგნიტური პულსაციების 9 ძირითადი  ტიპი სხვადასხვა სახესხვაობით. პულსაციათა ძირითადი  ტიპებია: Pc1, Pc2, Pc3, Pc4, Pc5 და Pc6, აგრეთვე P Pi1, Pi2 და Pi3. Pc ტიპის პულსაციები, რომელთაც გააჩნიათ კვაზისინუსოიდალური ხასიათი და საკმაოდ ხანგრძლივი არსებობის რეჟიმი სტაბილური პარამეტრებოთ, ითვლებიან მდგრად პულსაციებად. P Pi ტიპის ირეგულარული პულსაციები გეომაგნიტური ველის ჩანაწერებზე, როგორც წესი, წარმოადგენენ რხევათა მოკლე ცუგებს, ან მაგნიტურ ხმაურს მკვეთრად ცვლადი ამპლიტუდით. მდგრადი პულსაციები P Pc3, Pc4, Pc5 და ირეგულარული პულსაციები P Pi2 და Pi3 გაერთიანებულია ე.წ. გრძელპერიოდიან გეომაგნიტურ პულსაციათა ჯგუფში, ხოლოPდანარჩენები წარმოადგენენ  მოკლეპერიოდიან პულსაციებს. ყველა გეომაგნიტური პულსაცია დედამიწის მაგნიტური ველის შეშფოთების გამოვლინებაა, მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზებისა. P მაგალითად, Pi ტიპის პულსაციები წარმოადგენენ მაგნიტოსფეროს მდგომარეობის ცვლილების განსაკუთრებულად ცხად ინდიკატორებს, რადგანაც, თან ახლავენ სუბქარიშხლების განვითარების პროცესს პოლარულ არეებში. ამიტომ, ისინი ჩვენს განედზე შედარებით იშვიათად დაიმზირება, თანაც გაცილებით მცირე ამპლიტუდებით, ვიდრე მაღალ განედებზე.

საშუალო განედებზე განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს მდგრადი ტიპის გეომაგნიტური პულსაციების დინამიკა. ეს პულსაციები, Pc5-ის გამოკლებით, არ არიან დაკავშირებული კონკრეტული მაგნიტოსფერული შეშფოთების განვითარებასთან. თუმცა უდავოა, რომ საზოგადოდ მდგრადი პულსაციების გენერაცია მაგნიტოსფეროს სტრუქტურის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალნათლივია გეომაგნიტური ქარიშხლების დროს. დადგენილია,  რომ  ყოველი  ტიპის  მდგრად  გეომაგნიტურ პულსაციას შეესაბამება კონკრეტული მაგნიტოსფერული  სტრუქტურა. მაგალითად, საშუალო განედურ სარტყელში (ე.ი. საქართველოშიც) ყველაზე გავრცელებულია P Pc3 პულსაცია, რომელიც დაიმზირება  პრაქტიკულად ყოველდღე, განსაკუთრებით, ლოკალური შუადღის მახლობლობაში, მახასიათებელი პერიოდით 15-30 წმ.

ტიპიური გეომაგნიტური ქარიშხლის დინამიკის ნათლად  წარმოსადგენად მოკლედ განვიხილოთ მაგნიტოსფერული შეშფოთების განვითარების სქემატური სურათი. მზეზე ქრომოსფერული აალების შემდეგ, რომელიც წარმოადგენს გლობალური მაგნიტური ქარიშხალის გამშვებ მექანიზმს, იონოსფეროს დღის მხარე, დაახლოებით 8 წუთის დაგვიანებით, განიცდის შეშფოთებას აალებით გენერირებული ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, რასაც ხშირად მოჰყვება 10-100 წმ პერიოდის მქონე  მილევადი გეომაგნიტური პულსაციები. გეომაგნიტური ქარიშხალი ჩვეულებრივ იწყება აალებიდან ორი-სამი დღის შემდეგ, როცა პლაზმური ნაკადის დარტყმითი ტალღის ფრონტი მაგნიტოსფეროს საზღვარს მიაღწევს. დაგვიანების დრო დამოკიდებულია პლაზმური ნაკადის, ანუ მზის ქარის სიჩქარეზე, რომლის მნიშვნელობაც იცვლება 300-1500 კმ.წმ-1 ინტერვალში. არსებობს რამდენიმე ეფექტი, რომელიც თან ახლავს გეომაგნიტური ქარიშხლის უეცარ დასაწყისს. ასე მაგალითად, შემჩნეულია, რომ ერთგვარად მატულობსP Pc 1 პულსაციების აქტივობა SSC -მდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. მასთან არის დაკავშირებული აგრეთვე P რეგულარული გეომაგნიტური პულსაციების სიხშირული სპექტრის მკვეთრი ცვლილება. აგრეთვე შესაძლებელია პულსაციების აღძვრა უშუალოდ SSC-ს საწყის მომენტში.

გეომაგნიტური ქარიშხლის ყველაზე ხანგრძლივ აღდგენით ფაზაში კვლავ აღიძვრებიან P Pi2 პულსაციების ცალკეული ცუგები, რომლებიც იშვიათად აღწევენ დაბალ განედებამდე. P Pc1 პულსაციების აქტიურობა კვლავ მატულობს P Pi2-ის აქტიურობის დაცემის ფონზე. ასევე, მაგნიტოსფეროს  დღის მხარეზე ხდება წყნარი პირობებისთვის ტიპიური მაგნიტური სტრუქტურების აღდგენა, ზოგჯერ აღიძვრება გრძელპერიოდიანი პულსაციებიც.

ასეთია გეომაგნიტური ქარიშხლის განვითარების ტიპიური სურათი, რომლის დამახასიათებელი დროითი მასშტაბი, როგორც ავღნიშნეთ, 2-3 დღეა. მაგნიტოსფერული, იონოსფერული და ტროპოსფერული წყაროების გარდა, ელექტრომაგნიტური ტალღების გენერაცია შეიძლება მოხდეს ზღვის გარემოშიც. ითვლება, რომ, ხდება იონოსფერულ-მაგნიტოსფერული წარმოშობის ველებისა და ინდუქციური მჰდ ველების სიხშირეთა სპექტრების გადაფარვა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ბევრი საინტერესო  ფიზიკური შედეგი. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ამ ეფექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მედიკო-ბიოლოგიური თვალსაზრისითაც. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს გარკვეული ყურადღება ეთმობა, აგრეთვე, ანტროპოგენული წარმოშობის ელექტრომაგნიტურ ველებს, რომლებიც გარკვეულწილად მონაწილეონენ დედამიწაზე ე.წ. ელექტრომაგნიტური ამინდის ფორმირებაში. ამრიგად, ზოგადად ერთიანი ბიოსფერული ელექტრომაგნიტური ველი წარმოადგენს შემდეგი ველების სუპერპოზიციას:

  1. ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის შიგნით განვითარებული დინამო-ეფექტის გამო;
  2. ელექტრომაგნიტური ველი, გენერირებული იონოსფეროსა და ატმოსფეროში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შედეგად;
  3. მაგნიტოჰიდროდინამიკური (მჰდ) თანმხლები ელექტრომაგნიტური ველები, რომელთა გენერაცია გამოწვეულია ელექტროგამტარი ზღვის (ოკეანის) წყლის დედამიწის მაგნიტურ ველში მოძრაობის შედეგად (ე.წ.მაგნიტოჰიდროდინამიკური ხმაური);
  4. ინდუსტრიული წარმოშობის ელექტრომაგნიტური ველები;
  5. ზღვის წყალში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების, მიკროორგანიზმებისა და ცოცხალი არსებების ფუნქციონირების შედეგად გენერირებული ელექტრომგნიტური ველები (ბიოველი).

ხშირად პოპულარულ დონეზე ავადმყოფ ადამიანებზე გეომაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედებას აიგივებენ  მზის რენტგენული გამოსხივების ეფექტთან. ასეთი წარმოდგენა გამომდინარეობს რენტგენული სხივების  ინტენსივობის მკვეთრ ზრდაში მზეზე აქტიური ზონის წარმოქმნის დროს, რაც ხდება გეომაგნიტურ ქარიშხლამდე 2-3 დღით ადრე.  საქმე  იმაშია, რომ რენტგენის სხივები  ვრცელდება  სინათლის სხივის სიჩქარით (300000 კმ/წმ), ხოლო გეომაგნიტური ქარიშხლის გამომწვევი მზის ქარის სიმკვრივის მკვეთრი ცვლილებები ჩვეულებრივ ვრცელდება 500-1000 კმ/წმ სიჩქარით. ამიტომ, მზეზე აალების  შემდეგ, რენტეგნის სხივები დაახლოებით რვა წუთში აღწევენ დედამიწამდე, ხოლო მზის ქარის შემადგენელი ელექტრონები და პროტონები, მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ. თუმცა,  სტატისტიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ მაგნიტური  ქარიშხლების  წინ ხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავებები, რაც ზოგი ავადმყოფისათვის ლეტალურად მთავრდება. თუმცა, ასეთი ინფორმაციის  სანდოობა ითხოვს დაზუსტებას, რაც არც თუ იოლია, რადგანაც კვლევა დაკავშირებულია გრძელვადიან დაკვირვებებთან ავადმყოფთა დიდ ჯგუფებზე დედამიწის სხვადასხვა ადგილში. ასეთი დასკვნის სამართლიანობის კლასიკური მაგალითია ცნობილი ფაქტი, რომელიც ადასტურებს წინასწარი განწყობის როლს მეცნიერულად დაუდასტურებელი, უფრო ზუსტად მცდარი, ინფორმაციის მიმართ.  ცნობილია, რომ  ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაზეთი “იზვესტია” სისტემატურად ბეჭდავდა გეომაგნიტური ქარიშხლების პროგნოზს, ე.ი. მაგნიტოსფეროში ძლიერი  შეშფოთების განვითარების მოსალოდნელ თარიღებს. მიზანი თითქოს კეთილშობილური იყო- რისკის ქვეშ მყოფი პირები  შესაბამისად  უდა მოზადებული ყოფილიყვნენ  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლებელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ერთი  შეხედვით, კეთდებოდა მეტად მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მხოლოდ ადამიანებზე ზრუნვით იყო ნაკარნახევი. “იზვესტიის” მსგავსად, პროგნოზის გამოქვეყნება დაიწყო იმ დროინდელმა გაზეთმა “თბილისმაც”, რომელიც მკითხველებს აწვდიდა, აგრეთვე, ექიმთა რჩევებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ  მაგნიტური ქარიშხლების განვითარების   დროს.  ყოველივე  ამან მეტად პოპულარული გახადა ადამიანზე დედამიწის მაგნიტური ველის გავლენის თემა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხდებოდა მხოლოდ უარყოფითი კუთხით, ვინაიდან პრაქტიკულად  ყველამ მაგნიტური ქარიშხალი ცალსახად აღიქვა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის გამაუარესებელი მოვლენა. აქვე, უნდა ავღნიშნოთ, რომ გეომაგნიტური  პროგნოზის გამოქვეყნების ტრადიცია  ისევ აღსდგა, რადგანაც ინტერნეტის რიგ საიტებზე გაჩნდა ქარიშხლების პროგნოზი. იმთავითვე, პირველი გეომაგნიტური  პროგნოზის  გამოქვეყნებისთანავე,  ბუნებრივად დაიბადა  კითხვა: რამდენად სარწმუნო იყო გეომაგნიტური ქარიშხლების წინასწარმეტყველება? ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცათ სპეციალისტებს,  რომელთა დამოკიდებულებაც ასეთი პროგნოზის მიმართ  კატეგორიულად კრიტიკული იყო. უფრო მეტიც, იმ დროის უკლებლივ ყველა წამყვანმა მაგნიტოლოგმა ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ პროგნოზის ავტორებს, შეგნებულად ან უნებლიედ, შეცდომაში შეჰყავდათ მოსახლეობა. საქმე იმაშია, რომ გეომაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი დაკავშირებულია მზეზე მიმდინარე პროცესების პროგნოზთან, რაც მოკლე ვადებში (ე.ი. დღეების სიზუსტით) (არც მაშინ და არც დღეს) შეუძლებელია და მზე-დედამიწის კავშირების ფიზიკის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ  ის მეცნიერი ან მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემას ადექვატურად გადაწყვეტს, ნობელის პრემიის უცილობელი  ლაურეატი  გახდება. ასეთი დონის სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტაზე განაცხადეს პრეტენზია “იზვესტიისათვის” მიწოდებული “პროგნოზის” ავტორებმა, რომლებიც საკმაოდ შორს იყვნენ ფიზიკისაგან, რადგანაც უმეტესი მათგანი მედიკოსი იყო. ამ ადამიანებმა, ხატოვნად რომ ვთქვათ,  მოსახლეობას “სპორტლოტოს” მსგავსი თამაში შესთავაზა. აღნიშნულ პროგნოზსა და ამ თამაშს შორის მართლაც არსებობს გარკვეული ანალოგია. მეცნიერებისათვის ცნობილია, რომ, მზის აქტივობის ციკლის სხვადასხა ეტაპზე, ყოველთვიურად დედამიწაზე შეიძლება განვითარდეს დაახლოებით 1-5 გეომაგნიტური ქარიშხალი. მაგრამ, როდის ექნება ადგილი ამ მოვლენას, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დღესაც სარწმუნოდ არავინ იცის. თუ სპოტლოსთან ანალოგიას მოვიშველიებთ, გავიხსენოთ, რომ თვეში 30 ან 31 დღეა. ამრიგად, საჭიროა განაწილდეს სავარაუდო დღეები, დაახლოებით ისე, როგორც 6 ციფრი უნდა განაწილდეს “სპორტლოტო-36”-ის ციფრთა მასივზე. თავის დროზე (დღესაც) ეს  თამაში ბევრს უთამაშია და კარგად უწყიან,  რომ, პრაქტიკულად ყოველთვის ამართლებენ ერთ ციფრს, არც თუ იშვიათად, ორს.  ექვსიდან სამი რიცხვის გამოცნობა უკვე რთულდება, ამიტომაც ამ ზღურბლიდან დაწესებული იყო ფულადი პრემია. კიდევ უფრო ძნელია ოთხი, შემდეგ კი ხუთი ციფრის გამოცნობა, ხოლო ექვსის, ანუ აბსოლუტური შედეგის მიღწევა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მომხდარა.   რაც შეეხება გეომაგნიტური ქარიშხლების პროგნოზს: “სპორტლოტოს” მსგავსად, პროგნოზის შემოწმების შემდეგ, რაც ყოველთვის რომელიმე მაგნიტური ობსერვატორიის ჩანაწერებთან შედარების გზით ხდება, ბევრ შემთხვევაში აღინიშნება ერთი-ორი ქარიშხალის დაწყების პროგნოსტიკური დღის გამართლება (არა საათების! ამასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს). ეს არის და ეს! ის, რომ მაგნიტურმა სადგურმა, ვთქვათ, გეოფიზიკის ინსტიტუტის დუშეთის გეომაგნიტურმა ობსერვატორიამ, ვერ დააფიქსიროს თუნდაც ძალიან სუსტი გეომაგნიტური ქარიშხალი და ამით აცდეს “პროგნოზის” მონაცემებს, გამორიცხულია. ობსერვატორიებში მოთავსებული მაგნიტომეტრების მგრძნობიარობა იმდენად მაღალია, რომ ისინი აფიქსირებენ მაგნიტური ველის ისეთ ვარიაციებსაც კი, რომელთა ამპლიტუდა ათასჯერ ნაკლებია საშუალო გეომაგნიტური ქარიშხალის ამპლიტუდაზე. Aამიტომაც ვაცხადებთ კატეგორიულად, რომ კოსმოსური სივრცის ფიზიკის პრობლემების “გადაჭრის” პრეტენზია ჯერჯერობით საფუძველს მოკლებულია.  ამასთან გავიხსენოთ,  თუ რა რეალური ზიანის მოტანა შეუძლია ავადმყოფისათვის ექიმის რეკომენდაციის უგუვებელყოფას. ასევე, საზიანოა უსაფუძვლო რეკომენდაციაც. ამიტომ, გვინდა შევახსენოთ ზოგიერთ მედიკოსს, ნუ უარყოფენ შესაბამისი მიმართულებით მომუშავე  ფიზიკოსების აზრს და წინასწარ, დათქმული თარიღის მიმართ, შიშის სინდრომს ნუ  უნერგავენ  ადამიანებს.  არც თუ იშვიათად, ავადმყოფები ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაში იმყოფებიან “ნაწინასწარმეტყველები” გეომაგნიტური ქარიშხლების დღეებში, რაც ნამდვილად მოქმედებს მათ მდგომარეობაზე.

საკითხი, თუ რა ზემოქმედებას ახდენს მაგნიტური ველი ადამიანზე, არ შეიძლება მხოლოდ მაგნიტური ქარიშხლების კუთხით განვიხილოთ.  ზოგიერთი ფიზიკოსისა და ბიოფიზიკოსის ადრე მოარული აზრით, ადამიანზე თავისი მოქმედებით გეომაგნიტურ ქარიშხლებზე არა ნაკლებ ეფექტიური იყოს გეომაგნიტური პულსაციები. ასეთ მოსაზრებას ადასტურებდნენ რამოდენიმე ფაქტით, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესოდ მიგვაჩნია ელექტრო კარდიოგრამის სპექტრალური ანალიზის შედეგები. ცნობილია, რომ ელექტრო კარდიოგრამა გულის ბიოპოტენციალის ცვლილებების საუკეთესო მახასიათებელია. იმის  მიხედვით, ადამიანი ჯანმრთელია თუ ავადმყოფი, მის  ელექტროკარდიოგრამაში მონაწილეობს რამდენიმე რეზონანსული სიხშირე. ელექტროკარდიოგრამის სპექტრალურმა ანალიზმა გამოავლინა გასაოცარი რამ: პირველ სამ სიხშირეს, რომელიც ყველა ადამიანის გულს აქვს, შეესაბამება პერიოდები: 4-5 წამი, 11-13 და 19-37 წამი. ამ ფაქტის  დაფიქსირების შემდეგ ერთი საკმაოდ ცნობილი მეცნიერის მიერ წამოყენებული იქნა ჰიპოთეზა, რომ  კარდიოგრამაში მონაწილე 11-13 და 19-37 წამი პერიოდის მქონე რხევები სხვა არაფერია, თუ არა მაგნიტოსფეროში ყველაზე გავრცელებული, Pc2 და Pc3 გეომაგნიტური პულსაციების, ასახვა გულის პოტენციალის ცვლილებაში (რაც შეეხება 4-5 წმ. პერიოდის რხევებს ცნობილია, რომ ისინი წარმოადგენენ ე.წ. სუნთქვით ტალღებს). ამრიგად, ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმის, კერძოდ გულის, მახასიათებელი ზოგიერთი  სიხშირე ემთხვევა რეგულარული გეომაგნიტური პულსაციების სიხშირეებს. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ გულის მთავარი რითმის სიხშირე თავსდება ყველაზე უფრო მოკლე პერიოდის მქონე  Pc1 გეომაგნიტური პულსაციის სიხშირის ცვლილების დიაპაზონში. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივი გარემო ხელს უწყობს რეზონანსული ეფექტების განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში გარე სუსტ სიგნალს შეუძლია ბიოლოგიური ეფექტის გამოწვევა ან გაძლიერება. ასეთი  მოვლენა სრულიად რეალურია, რადგანაც ცოცხალ ორგანიზმებში ნამდვილად არსებობენ გარეშე სიგნალების ბიოლოგიური გამაძლიერებლები. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ორგანიზმში საპასუხო რეაქციის განვითარებას მიღებულ სიგნალზე. ეს არის ცოცხალი მატერიის უმთავრესი თვისება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება შედარებით მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით ბიოლოგიური ობიექტების მდგომარეობის შესამჩნევი ცვლილება.

ვუბრუნდებით რა ჩვენს ორგანიზმში გეომაგნიტური პულსაციებისა და გულის საკუთარი სიხშირეების თანხვედრის შესაძლებლობას,  გავიხსენოთ მექანიკიდან ბევრისათვის კარგად ცნობილი რეზონანსის მოვლენა, რომელიც  ხშირად საკმაოდ მყარი კონსტრუქციების დანგრევას იწვევს. ანალოგიური რამ შეიძლება მოხდეს ცოცხალ ორგანიზმშიც გეომაგნიტური პულსაციების ზეგავლენით. თუ ადამიანი ჯანმრთელია, მისი გული ადვილად იტანს გაზრდილ დატვირთვას, რომელსაც სავარაუდოდ გამოიწვევს მაგნიტოსფეროსა და გულის რხევათა საკუთარი სიხშირეების თანხვედრა. მაგრამ, თუ გული დაავადებულია, ასეთი ეფექტის გამო სრულიად შესაძლებელია კრიზისული მოვლენების განვითარება, რაც შეიძლება სავალალო შედეგითაც  დამთავრდეს.  მით უმეტეს, ზოგიერთი კარდიოლოგის აზრით, კარდიოგრამაში მონაწილე ორი, ყველაზე გრძელ პერიოდიანი რხევები ახასიათებს მხოლოდ დაავადებულ, ე.წ. გადაგვარებულ გულის კუნთს. მაგრამ, უარყოფით ეფექტებთან ერთად, გეომაგნიტურ პულსაციებს აუცილებლად  დადებითი ზემოქმედებაც უნდა ჰქონდეთ ცოცხალ ორგანიზმებზე, რაც ზემოთ ნახსენები ცნობილი მეცნიერის,  მიხეილ სავინის ჰიპოთეზის, ჩვენი შეხედულებით,  განსაკუთრებით საინტერესო ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ,  მან მიიჩნია, რომ გეომაგნიტური  პულსაციები ორგანიზმში ხელს უწყობენ გონებრივი პოტენციალის ზრდას, რაც განსაკუთრებით კარგად ბუნებრივი  ნიჭით  დაჯილდოებულ ზოგიერთი ადამიანის მაგალითზე. სავინის აზრით, ნიჭიერი ადამიანი ქვეცნობიერად განსაკუთრებით მგრძნობიარეა საშუალო პერიოდიანი გეომაგნიტური პულსაციების მიმართ. ეს ეფექტი, ასევე ქვეცნობიერად, რეზონანსული ეფექტის გამო, ასეთ ადამიანს ზოგ შემთხვევაში შეომოქმედებით სტიმულს აძლევს. მაგრამ, როგორ შეიძლება მოხდეს რეზონანსული ეფექტის ჯერ ასახვა, ხოლო შემდეგ მისი შედეგის გამოყოფა ხელოვანის ან  მეცნიერის შემოქმედებითი პროდუქტიდან? ბუნებრივია, რომ ეს პრობლემა დაკავშირებული იქნება მეთოდიკური ხასიათის სირთულეებთან, რამდენადაც, ჯერჯერობით, არ  არსებობს ისეთი თეორია, რომელიც  ცალსახად ახსნიდა ორგანიზმის რეაქციას  ბუნებრივ გამაღიზიანებელზე, მათ შორის ელექტრომაგნიტურ ველზე. თუ კი გეომაგნიტური პულსაციები მოქმედებენ ადამიანებზე, მათი შედეგი, სავარაუდოდ სხვადასხვანაირად უნდა აისახოს ინდივიდების ქმედებებში, მაგალითად: მწერლის, მომღერლის, ქიმიკოსის, მხატვრისა თუ მუსიკოსის ნაწარმოებებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა  მუსიკის, კერძოდ  კლასიკური მუსიკის ფენომენი. ცნობილია, რომ უხსოვარი დროიდან მრავალი ქვეყნის მკურნალები იყენებდნენ მუსიკას, როგორც ეფექტურ სამკურნალო საშუალებას. შემჩნეულია, რომ მუსიკა დადებით გავლენას ახდენს არა მარტო ადამიანებეზე, არამედ ცხოველებზეც, რაც, სავარაუდოდ, რომელიღაც მატერიალური გადამწოდის საშუალებით უნდა ხდებოდეს. იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც, აეხსნა ეს ფენომენი, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტმა, გიორგი სავინმა, მიმართა კომპოზიტორების შემოქმედებას. მისი აზრით მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურა ყველაზე უფრო თვალნათლივად ემორჩილება ზუსტ მათემატიკურ მეთოდებს. ამ მიზნით მან, ე.წ. სწრაფი ფურიე სპექტრალური ანალიზის მეთოდით, დაამუშავა ჩაიკოვსკის რამოდენიმე  ნაწარმოები,  მათ  შორის ცნობილი მეექვსე სიმფონია. აღმოჩნდა, რომ ამ ნაწარმოებების ზოგიერთი ნაწილის მახასიათებელი სიხშირეები ზოგიერთი გეომაგნიტური პულსაციის სიხშირის დიაპაზონშია. კერძოდ, P ასეთია Pc1, Pc2 და Pc3 პულსაციები. ამ მხრივ განსაკუთრებული აღმოჩნდა მეექვსე სიმფონია,  რომელიც პირდაპირ აგებულია Pc3 პულსაციის მახასიათებელ სიხშირეზე. ეს პულსაცია, რამდენიმე  აღიარებული  თეორული ნაშრომის თანახმად, აღიძვრება მზის ქარის დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედების სასაზღვრო ფენაში, ე.ი. კოსმოსური წარმოშობისაა! ამასთან, Pc3 განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ მიეკუთვნება საშუალო განედებზე ყველაზე უფრო გავრცელებული გეომაგნიტური რხევების ტიპს. კერძოდ, ის  სისტემატურად დაიმზირება  დუშეთის გეომაგნიტურ ობსერვატორიაში. ეს ფაქტი გარკვეულად ნათელს ჰფენს კლასიკური მუსიკის ბიოლოგიური ეფექტის შესაძლო მექანიზმს. ბიოფიზიკოსებმა კარგა ხანიარაც დაადგინეს, რომ ბგერითი სიგნალები ნერვულ ქსოვილში გარდაიქმნებიან  იდენტური  სიხშირეების  მქონე ელექტრომაგნიტურ სიგნალებად იმ შემთხვევაში, თუ ბგერითი სიგნალის სიხშირე დაემთხვევა ორგანიზმის რომელიმე საკუთარ სიხშირეს. არ არის გამორიცხული, რომ ცოცხალი ორგანიზმების, პირველ რიგში ადამიანების, საკუთარი სიხშირეების სპექტრი ჩამოყალიბდა გარემო ფაქტორების გავლენით, რომელთა შორის უმთავრესია გეომაგნიტური ველი. ამრიგად, რეზონანსის პირობებში მოსალოდნელია ორგანიზმის შიგნით განვითარდეს საგრძნობი ბიო-ელექტრომაგნიტური ეფექტი, როგორც რეაქცია ბუნებრივი ელექტრომაგნიტური ფონის პარამეტრების ცვლილებაზე. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ზოგადად, მუსიკალური ნაწარმოების ადამიანზე ზემოქმედების დონე უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული  ნაწარმოების ჰარმონიული წყობის ხასიათთან. სწორედ ამ თვალსაზრისით აღმოჩნდა განსაკუთრებული ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია, რომელიც ცხადია გამონაკლისი არ არის.  მსგავსი ნაწარმოებები არც თუ ისე ცოტა უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ რა ზემოქმედების უნარი გააჩნიათ ბეთჰოვენის, გრიგის, მოცარტის ან ვერდის  ნამუშევრებს. აქ კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნოთ, რომ ლაპარაკია ისეთ ნაწარმოებებზე, რომლებიც ერთნაირი ემოციური  ძალით მოქმედებენ  როგორც  მუსიკაში გათვითცნობიერებულ ადამიანებზე, ასევე  დილეტანტებზეც,  რომელთაც  არავითარი სპეციალური განათლება არა აქვთ და არ იცნობენ  ჰარმონიის თეორიას. ასეთი განსაკუთრებული შემთხვევები შეიძლება შემდეგი სქემით წარმოვიდგინოთ: გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, კერძოდ კომპოზიტორი, ქვეცნობიერად აღითქვამს კოსმოსურ სიხშირეებს გეომაგნიტური პულსაციების სახით, რაც მასში შემოქმედებით იმპულსს იწვევს. შემდეგ, ასევე ქვეცნობიერად, კომპოზიტორი აქსოვს ამ სიხშირეებს  თავის ნაწარმოებში. რადგანაც ეს სიხშირეები ასევე რეზონანსულია ყველა მსმენელისათვის, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ასეთი ნაწარმოების მოსმენის დროს მუსიკას იმდენად ბუნებრივად აღიქვამს, რომ ფაქტიურად ექსტაზის მდგომარეობაში აღმოჩნდება. ცნობილია, რომ ზოგიერთი საყოველთაოდ  აღიარებული თანამედროვე კომპოზიტორის შემოქმედება, მიუხედავად მათი მაღალი დონისა,  გაუგებარია ფართო მსმენელისათვის. ჰიპოთეზის ავტორს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი მდგომარეობს აღნიშნული ნაწარმოებების სტრუქტურაში, რომელიც აგებულია ხელოვნურ ჰარმონიებზე. ამიტომ, ისინი ნაკლებად, ან სულაც არა, შეიცავენ ევოლუციის პროცესში ადამიანში ჩადებულ ბუნებრივ სიხშირეებს. როგორც მაგალითი, სავინმა მოიყვანა მეოცე საუკუნის  ერთერთი უდიდესი კომპოზიტორის ალფრედ შნიტკეს მუსიკა, რომელიც ურთულეს ხელოვნურ ჰარმონიებზეა აგებული და ამის გამო გასაგებია მარტო  სპეციალისტებისა და განსაკუთრებული მსმენელებისათვის. ამ დროს ასეთი მუსიკა ჩვეულებრივი მსმენელისათვის იმდენად გაუგებარია, რომ არა თუ არ იწვევს ემოციას, მოსაბეზრებელიც კი ხდება. თუმცა, არ შეიძლება იმის კატეგორიული მტკიცება, რომ შნიტკეს მუსიკა რიგითი მოკვდავის ორგანიზმში არავითარ რეაქციას არ იწვევს. უბრალოდ, იგი მოითხოვს სპეციფიკურ ანალიზს, ისევე, როგორც, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების სიღრმე მხოლოდ ლექსის მუსიკალურობიდან არ ხდება ცხადი, რადგანაც მხოლოდ  ღრმა დაფიქრების შემდეგ იხსნება მკითხველის წინაშე.

ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, რომ დედამიწის მაგნიტური ველის გავლენის შესწავლას ცოცხალ ორგანიზმებზე ფუნდამენტალური მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს, რადგანაც ამ პრობლემის გადაჭრა პირდაპირ იმოქმედებს კაცობრიობის პროგრესზე. წარმოვიდგინოთ, რომ შესაძლებელი იყოს ადამიანის ტესტირება მაგნიტური პულსაციების საშუალებით, რათა დავადგინოთ მისი შესაძლებლობები და შეუცდომლად განვსაზღვროთ საქმიანობის სფერო, რომელშიც  ესა თუ ის ინდივიდი თავისი უნარის მაქსიმალურ რეალიზაციას შეძლებს. ასეთი პერსპექტივა მართლაც არსებობს, სხვა მრავალ დადებით მომენტთან ერთად, თუ ახსნილი იქნება მაგნიტური რხევების ადამიანზე  ზემოქმედების ზუსტი მექანიზმი და, რაც მთავარია, გამოვლენილი იქნება ამ ზემოქმედებასთან დაკავშირებული ეფექტი. ერთ-ერთი ასეთი ეფექტი სავარაუდოა, რომ არსებობს  ცნობილ კურორტ ურეკში და, რაც გამორიცხული არ არის, ჩვენი სანაპირო ზოლის სხვა ადგილებშიც, მაგალითად, გრიგოლეთსა და მალთაყვაში.  საკითხი ეხება კონკრეტულ გეოფიზიკურ სიტუაციას შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე სუფსის დელტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც მდებარეობენ ურეკი და გრიგოლეთი. ქართველ მედიკოსთა წრეებში უდავოდ არის მიჩნეული, რომ ამ რაიონის უნიკალური ქვიშნარი პლიაჟები განსაკუთრებული მაგნიტური თვისებებით ხასიათდებიან. ითვლება, რომ ამ კურორტების საყოველთაოდ ცნობილი სამკურნალო ეფექტების მთავარი მიზეზია ე.წ. “მაგნიტური” რომლებიც სასწაულებრივ ზემოქმედებას ახდენენ ძვალ-სახსართა დაავადების მქონე ავადმყოფებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე.

ურეკ-გრიგოლეთის საკურორტო ზონას, მართლაც და, უნიკალური კლიმატური პირობები ახასიათებს, რასაც, თავისთავად, არ შეიძლება არ ჰქონდეს სამკურნალო ეფექტი. აქაური ჰაერი მეტად სუფთაა და მდიდარი მიკროელემენტებით, ზღვა თბილი, ქვიშა კი წმინდა, რაც გარემოს სიჯანსაღეზე მიუთითებს. მაგრამ, მედიკოსების აზრით, მთავარია “მაგნიტური” ქვიშები. მათ რწმენას ამყარებენ გეოფიზიკოსების მიერ ადრე ჩატარებული საველე დაკვირვებების შედეგები. ცნობილია, რომ მდინარე სუფსა მოედინება გურია-აჭარის მთებიდან, სადაც არის მეტალით მდიდარი ქანები, რომელთა გამორეცხვის შედეგად ქვიშა სუფსის დელტაში მომეტებული რაოდენობით შეიცავს რკინას. მაგრამ ეს რაოდენობა არ არის იმდენად  მნიშვნელოვანი, რომ ვილაპარაკოთ რაღაცა განსაკუთრებულად მაგნიტურ გარემოზე, რაც დადასტურდა მრავალწლიანი დაკვირვებით ურეკისა და შეკვეთილის პლიაჟებზე. თუმცა, ცოტა მოშორებით, სუფსის დელტის მიმდებარედ, მართლაც არსებობს მაგნიტური ანომალია, რომელსაც მაგნიტური ველის მკვეთრი გრადიანტები ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური სიდიდით განსაკუთრებული არ არის. ამიტომ, ჩვენი შეხედულებით, საჭიროა ურეკის უნიკალურობის მიზეზი ზღვაში არსებულ მაგნიტურ პულსაციებში ვეძებოთ, და არა მაგნიტურ ქვიშებში. მაგნიტური ძარღვების არსებობა ხმელეთიდან ზღვის მიმართულებით ხელსაყრელი პირობაა წყალში მაგნიტური პულსაციების წარმოქმნისათვის. თუ ასეთი მოსაზრება სამართლიანია, საფუძვლიანი იქნება დასკვნა, რომ ურეკში ან გრიგოლეთ-მალთაყვაში, იქმნება ადამიანის ორგანიზმის ბიოსტიმულაციის პირობა წყალში გეომაგნიტური ველის პერიოდული ფლუქტუაციებით გამოწვეული რეზონანსური მოვლენის გამო, რაც, სავარაუდოდ, ხელს უნდა უწყობდეს ავადმყოფი ადამიანების განკურნებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენში გარკვეული სკეპტიციზმი წარმოიქმნა ბულგარეთში ემიგრირებული რუსი გეოფიზიკოსის ნატალია კლეიმენოვას ხელმძღვანელობით მიღებული შედეგებთან დაკავშირებით. ბულგარელ მკვლევართა ჯგუფის მთავარი დასკვნა, რომელიც ეყრდნობა მონაცემთა ფართო მასივის სტატისტიკურ ანალიზს, ეჭვქვეშ აყენებს გეომაგნიტური ველით გამოწვეული ბიოსტიმულაციის ეფექტს გულსისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე ადამიანებში. ბულგარეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების არქივის მრავალწლიანი მონაცემები საფუძველად დაედო  მოსაზრებას, რომ პარამეტრული რეზონანსის ეფექტი, რომელიც შეიძლება დამყარდეს მოკლე პერიოდიანი გეომაგნიტური პულსაციების გავლენით, არ შეიძლება იძლეოდეს დადებით თერაპიულ ეფექტს. პირიქით, მიჩნეულია, რომ რეზონანსი დამანგრეველად მოქმედებს კაპილარული ზომის სისხლძარღვებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გულის სისხლით მომარაგებაში. ჩვენთან დაგროვილი ანალოგიური  სტატისტიკური მასალის ანალიზი, რომელიც ჩატარდა რამდენიმე ათეული წლის წინ, საშუალებას გვაძლევს მკაცრი მტკიცების გარეშე განვაცხადოთ, რომ გამოსაკვლევი ადამიანების მცირე ჯგუფების ფიზიოლოგიური პარამეტრების ადრეული მონიტორინგი, აგრეთვე, გამოკითხვის გზით მიღებული, საკურორტო ზონის მოსახლეობის უმრავლესობის რეაქციები (სხვადასხვა დაავადებების გართულების სტატისტიკა, სასწრაფო დახმარების გამოძახების სიხშირე, სიკვდილიანობა) არ გვაძლევს ცალსახა პასუხს მაგნიტური ქვიშებისა ზღვაში გენერირებული გეომაგნიტური ველის პულსაციების ბიოეფექტურობასთან დაკავშირებით.

3 comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.