შოვის კატასტროფის გამომწვევი გეოფიზიკური ფაქტორების სავარაუდო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი

პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს.

დედამიწაზე ორგანული მატერიის განვითარების ყოველი ახალი ეტაპი, როგორც წესი, მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდებოდა. მათ მიმდინარეობასა და ხასიათს გლობალური გეოლოგიური პროცესებით გამოწვეული პლანეტის გეოქიმიური და გეოფიზიკური პარამეტრების გრძელვადიანი ვარიაციები განაპირობებდა. ბუნებრივია, რომ მსოფლიოში ყოველთვის ხდებოდა სტიქიური მოვლენები, რაც ნაწილობრივ კლიმატური პირობების ვარიაციებს უკავშირდებოდა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანი პასიურად ეგუებოდა კლიმატურ ცვლილებებს. >>>

 

დღეს დედამიწაზე გვაქვს დიამეტრულად საწინააღმდეგო ვითარება, რომელიც გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების ფონზე ჩამოყალიბდა. ბუნებრივ ლანდშაფტებზე საყოველთაოდ გაზრდილი ანთროპოგენური ზეწოლა სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება ბუნებრივი კატასტროფების ხელშემწყობი მიზეზი.

ცნობილია ისეთი კატასტროფებიც, რომელთა მიზეზებში ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ეკოლოგიური წონასწორობის პირობების დარღვევა ცხადად არ იკვეთება, ისევე, როგორც ურბანული ზეწოლის ეფექტი. ერთი შეხედვით, ასეთი კატასტროფების ტრიგერად ადამიანის სამეურნეო საქმიანობას ვერ მივიჩნევთ.

ამის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ XX საუკუნის სამოციან წლებში პატარა მდინარის, ბუბისწყლის (მდინარე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში) კალაპოტის ცვლილება მცირე მონაკვეთზე, რაც თავის დროზე მოხდა შოვის ტერიტორიაზე. კალაპოტის ცვლილება უდავოდ რაციონალური ზომა იყო კოტეჯების ზონის დატბორვისგან დასაცავად. აღნიშნული ღონისძიების ინიციატორებს იმჟამად არ ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი გლობალური დათბობის შესახებ, თუმცა, რიონისა და მისი შენაკადების ადიდება სისტემატური მოვლენა იყო, რომლის წინააღმდეგ ცდილობდნენ პრევენციული ზომების გატარებას.

ადამიანების ისტორიულმა მეხსიერებამ არ შემოინახა ინფორმაცია დამანგრეველი კატასტროფისა და მასთან დაკავშირებული ადამიანური მსხვერპლის შესახებ. ანალოგიურად, შეიძლება ვახსენოთ 1991 წლის რაჭის დამანგრეველი მიწისძვრაც, რომლის წინასწარმეტყველება ვერავინ შეძლო. მიუხედავად ამისა, რაჭის მოსახლეობამ იცოდა, რომ სეისმურად აქტიურ რეგიონში ცხოვრობდა და, შესაბამისად, რისკის ქვეშ იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, ონის სეისმური სადგური დაკვირვებებს უწყვეტ მონიტორინგს აწარმოებდა და დღესაც აწარმოებს.

ხელისუფლების ოფიციალური განცხადებიდან მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ შოვის ტრაგედია რამდენიმე გეოფიზიკური, კლიმატური და სხვა ფაქტორის ერთობლივმა მოქმედებამ გამოიწვია. ამასთან, ამ თემაზე მოვისმინეთ მრავალი საჯარო პირის, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და სპეციალობის ექსპერტის განსხვავებული მოსაზრება თუ კომენტარი. დღევანდელი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ამ უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში ობიექტურად სარწმუნო მოსაზრებებთან ერთად ცხადად გამოაშკარავდა ინფანტილიზმის დონემდე დასული დეტერმინიზმისა და მეცნიერებისადმი ვულგარული ნიჰილიზმის ელემენტები.

ცხადია, შექმნილი ვითარება ხელს არ შეუწყობს შოვის კატასტროფის განმაპირობებელი ბუნებრივი მოვლენების რიგითობისა და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მყარად დადგენას. ეს აუცილებელია ამ კონკრეტული ტრაგედიით გამოწვეული საზოგადოებრივი სტრესის დასაძლევად და მომავალში მსგავსი მასშტაბის ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფებით გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციისათვის. ამ მიზნის წარმატებით განხორციელება კი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებისადმი სერიოზული ყურადღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. საბედნიეროდ, დღეს ჯერ კიდევ არსებობს აუცილებელი სამეცნიერო ბაზა და კვალიფიციური კადრების ის მინიმუმი, რომელსაც შეუძლია საქართველოს გეოლოგიურ, გეოფიზიკურ, გეოგრაფიულ და მათთან დაკავშირებულ კიდევ სხვა პრობლემებს მიხედოს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.

წარმოგიდგენთ შოვის კატასტროფის გამომწვევი ბუნებრივი მოვლენების მიზეზებს, რომელთა წვლილი შოვის ტრაგედიაში უახლოეს მომავალში, თვისობრივთან ერთად, რაოდენობრივ დადასტურებასაც მოითხოვს. ჯერჯერობით განხილვის გარეშე დარჩა ბუბისა და თბილისას მყინვარების მომცველი ტერიტორიის გეომორფოლოგიასა და ოროგრაფიულ ფაქტორები. ქვემოთ წარმოდგენილ საკითხებზე ყურადღების კონცენტრაციამ ხელი უნდა შეუწყოს შოვის კატასტროფის სხვა წინაპირობების ანალიზს, რომელიც რაოდენობრივი მონაცემებით უნდა გამყარდეს, რაც გულისხმობს დაკვირვების მონაცემების მაქსიმალურად სრული ბაზის შექმნას.

მისი ძირითადი კონტენტი გეომორფოლოგიური, ჰიდროლოგიური, ლანდშაფტური, გეოლოგიური, გეოფიზიკური და სხვ. კომპლექსური ექსპედიციების მონაცემებმა უნდა შეადგინონ, რომლებიც სატელიტიდან მიღებულ მონაცემებთან და რეგიონული კლიმატური ცვლილების ანალიზის შედეგებთან უნდა შეჯერდეს. ეს კი სამხრეთ კავკასიაში მყინვარების დნობის პროცესის მონიტორინგის რეგიონული პროგნოსტიკური მოდელის საფუძველი უნდა გახდეს.

ამრიგად, ამ ეტაპზე ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:

  1. მყინვარის ქვეშ წყლის რეზერვუარის არსებობის დაშვება ფიზიკურად კორექტულია. ასეთი ეფექტის წარმოქმნისათვის ყინულის საფარის სისქეს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. დადგენილია, რომ წყლის ყინულოვან ფაზაში გადასვლის ტემპერატურა წნევის ზრდის პროპორციულად მცირდება. მყინვარების ქვეშ წყლის რეზერვუარის წარმოქმნა დაკავშირებულია გრუნტის წყლების აკუმულაციასთან. ამ პროცესის განვითარების ყველაზე უფრო ალბათური ადგილია მულტი რეზერვუარების ფსკერი ან მასთან ახლოს მდებარე მყინვარის მორენული საზღვარი. ამისთვის, მყინვარის საგები მყარი გარემო მორენული გენეზისის გამო, სავარაუდოდ, შედარებით ფოროვანი უნდა იყოს. წყლის აკუმულირების მთავარი წყარო მყინვარის სხეული და სეზონური თოვლის საფარია. მიგვაჩნია, რომ სიღრმულ ფენებში წყლის ჩადინების ეფექტურობა გარკვეულწილად მყინვარის ტოპოგრაფიისა და მიმდებარე რელიეფის მეზო და მიკრო თავისებურებებზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, რომ, გლობალური დათბობის პირობებში ატმოსფერული ტემპერატურის ლოკალური მატება მხოლოდ ხელს შეუწყობს გრუნტის წყლების დინების ინტენსიფიკაციას და, შესაბამისად, სიღრმული გარემოს გაწყლოვანების დონის ამაღლებას. განსაკუთრებულ შემთხვევაში სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს გეოსტატიკური მდგრადობის პირობების ლოკალურად რღვევის მიზეზი.
  2. ამრიგად, გრუნტის წყლებთან ერთად, მყინვარის ქვეშ წარმოქმნილი წყლის რეზერვუარის მდებარეობასა და მის ხაზოვან პარამეტრებს პრაქტიკულად განსაზღვრავს მყინვარქვეშა რელიეფის თავისებურებები. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარწმუნო პასუხი კითხვაზე: როგორი იყო მყინვარის ენის მორფოლოგია, მისი დინამიკის ცვლილებისას? მყინვარის საგების და მორენული სხეულის ურთიერთქმედების პროცესში მყარი მასების კრიტიკულ დონემდე გაჯერების გამო, შეიძლება მომხდარიყო რეზერვუარის კედლის დასუსტება. შედეგად, დაირღვა რეზერვუარის მთლიანობა და მოძრაობაში მოვიდა დიდი მოცულობის გაწყლოვანებული მასა. აღწერილი პროცესის ტრიგერი შეიძლება ყოფილიყო სატელიტურ ფოტოებში დაფიქსირებული კლდეზვავი.
  3. დიდი მოცულობის გაწყლოვანებულმა მასამ ბუბისწყლის მნიშვნელოვანი დახრის მქონე ხეობაში საკმაოდ სწრაფად მიაღწია შოვის საკურორტო ზონას. ვიზუალური მასალიდან აშკარად გამოჩნდა, რომ ღვარცოფის ხარჯმა ბუბისწყლისა და ჭანჭახის კალაპოტში კრიტიკულ მნიშვნელობას არ მიაღწია. ეს ფაქტი იმაზეც მიუთითებს, რომ ღვარცოფის მკვებავი მულტი რეზერვუარის სავარაუდო მოცულობა არ იყო საკმარისი მყარი კომპონენტის იმ დონეზე გაწყლოვანებისათვის, რომ ღვარცოფული მასის რაოდენობას მაგისტრალურ ხიდამდე მიეღწია და მდინარის კალაპოტი გადაეკეტა.

ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ღვარცოფულმა მასამ სასტუმრო „სან-სეტთან“ შეჯახებამდე ფაქტობრივად დაკარგა სიჩქარე და ინერციით საკმაოდ მოკლე ენა წარმოქმნა. აქედან გამომდინარე დასაშვებია, რომ მყარი მასის ძვრადობის განმსაზღვრელი ფიზიკური პარამეტრის, დინამიკური სიბლანტის კოეფიციენტის სიდიდე, ყოველ შემთხვევაში ხეობის ქვედა მონაკვეთზე, საკმარისი აღმოჩნდა ღვარცოფის დამუხრუჭებისათვის. ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ მყარი მასის გაწყლოვანების დონე საკმარისად მაღალი არ იყო. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოფიციალურ დასკვნაში წარმოდგენილი მეწყერული მყარი მასის მოცულობის  წინასწარი შეფასება გადაჭარბებულად მოჩანს.

 

ზ. კერესელიძე, გ. ლომინაძე, ნ. ვარამაშვილი

 

13.08.2023